პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის კრიზისის პერიოდში - საქართველოს ეროვნული არქივი

პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის კრიზისის პერიოდში

კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) სასწავლო კურსი „პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის კრიზისის პერიოდში“ საქართველოს ეროვნული არქივის 30-მდე თანამშრომელმა გაიარა. ღონისძიება „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება დაემთხვა ამერიკელ არქივისტთა საზოგადოების მიერ დაარსებულ დღეს - „May Day“. ეს დღე ეძღვნება შესაძლებლობას - კულტურულ მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ადამიანებმა საგანგებო ვითარების შემთხვევაში ექსპონატების გადასარჩენად თავიანთი წვლილი შეიტანონ. სასწავლო კურსი ჩაატარეს „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე მანანა თევზაძემ და ამავე კომიტეტის პროგრამების მენეჯერმა მარიამ კალხიტაშვილმა.

საქართველოს ეროვნული არქივი „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელია (2013 წელი). ორგანიზაცია ემსახურება ეროვნულ დონეზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმების შემუშავებას კრიზისულ სიტუაციებში.