ნოე ჟორდანიას შთამომავლები ეროვნულ არქივში - საქართველოს ეროვნული არქივი

ნოე ჟორდანიას შთამომავლები ეროვნულ არქივში

ეროვნულ არქივს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილი რეჯებ ჟორდანია და შვილიშვილი ქრისტინე ფაღავა-ბულეზი ესტუმრნენ. სტუმრებმა საგამოფენო პავილიონში დაათვალიერეს გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიცია ეროვნულ არქივში 25 მაისს გაიხსნა.

დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი; 1921 წლის კონსტიტუცია დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების დედნები; საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე უცნობი მასალები, რომლებიც ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მუშაობას ასახავს; დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო - და კინომასალები − ამ უნიკალურ ექსპონატებთან ერთად ექსპოზიციაზე პირველად არის წარმოდგენილი ლევილის უკანასკნელი არქივი.

ფოტოები და წერილობითი მასალა საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიდა და დამთვალიერებლისათვის სრულიად უცნობია. მისი ჩამოტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოე რამიშვილის შთამომავლების თანამშრომლობით მოხერხდა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დოკუმენტების ძირითადი ბაზა საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი ამ ფონდების განუყოფელი ნაწილი გახდა.

უნიკალურ ექსპონატებს შორისაა იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ნოე ჟორდანიას ბიუსტი (1920 წელი); საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა; პირველი რესპუბლიკის პერიოდის საბრძოლო იარაღები და მასალა; 1918-21 წლებში გამოცემული წიგნები, პერიოდული გამოცემები და სხვა ნივთები. 1918-21 წლების ისტორია დამთვალიერებლისათვის რამდენიმე თემადაა წარმოდგენილი: პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი დოკუმენტები; დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები; საყოველთაო არჩევნები; საგარეო ურთიერთობები; სამხედრო თემატიკა; ეკონომიკა; კულტურა და განათლება; საზოგადოებრივი ცხოვრება.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დამთვალიერებელს 14 ივნისამდე უმასპინძლებს. ექსპოზიციის დათვალიერება ყველა მსურველისთვის უფასოა.