მხატვარ თენგიზ ქართველიშვილის აფიშებისა და პლაკატების კოლექციას ეროვნული არქივი დაიცავს
მხატვარ თენგიზ ქართველიშვილის მიერ 1970-1990-იანი წლების სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისათვის შექმნილი აფიშები და პლაკატები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, მხატვრის პირად ფონდში შეინახება.
ხელოვანმა თავისი ნამუშევრები უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას გადასცა. 300-მდე დოკუმენტი მოიცავს აფიშებსა და პლაკატებს, რომელიც თენგიზ ქართველიშვილმა შექმნა თეატრალური სპექტაკლების, გამოფენების, სიმპოზიუმების, კონცერტების, საიუბილეო, სპორტული და სხვა ღონისძიებებისათვის.
თენგიზ ქართველიშვილის ნამუშევრების უნიკალური კოლექცია ერთგვარი მატიანეა იმ ღონისძიებებისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიმართა. მათ შორისაა: ჯაზ-ფესტივალი „თბილისი-78”; ნიკო ფიროსმანიშვილის ნამუშევართა გამოფენები (1978-1988); „მხატვრის კვირეული“ (1979-1987 წლები); „ყვავილების დღესასწაული“ (1980 წელი); „თბილისობა“ (1981 წელი); „ეთნოგრაფიული გამოფენა“ (1981 წელი); „ილია ჭავჭავაძე-150” (1987 წელი); ზამთრის პირველი საკავშირო ახალგაზრდული თამაშები სამთოსათხილამურო სპორტში, (1989 წელი); მუსიკალური ფესტივალი „მოცარტი 200”, ბათუმი, (1991 წელი); ელენე ახვლედიანის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თელავში (1991 წელი); აფხაზეთის რესპუბლიკის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა; ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი „ნაქარგობა“ და სხვ.
მხატვარი თენგიზ ქართველიშვილი 1974-1991 წლებში მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. იგი ოცდაათ წელზე მეტია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მხატვარია. მისი შექმნილი ყოველი აფიშა მხატვრული სურათია, რომლის ხილვა ესთეტიკურ სიამოვნებას ჰგვრის ადამიანს. ისინი მხატვრის მდიდარ ფანტაზიაზე მიუთითებს და ისტორიული მასალის საფუძვლიან ცოდნას მოწმობს.