საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საარქივო ფონდის გამდიდრების მიზნით აგრძელებს თანამედროვე ავტორების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისაუდიოჩანაწერების შექმნას.
ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში თავისი შემოქმედება ამჯერად მწერალმა ამირან გეწაძემ ჩაწერა.
ფონოარქივში აქამდე დაცულ აუდიოდოკუმენტებთან ერთად უკვე ამირან გეწაძის მიერ წაკითხულ საბავშვო მოთხრობებს, ზღაპრებს, ჩანახატებსა და ლექსებსაც შეინახავენ.
ამირან გეწაძეს გამოცემული აქვს თვრამეტი მხატვრული ჟანრის კრებული, მათ შორის ოთხი საბავშვო წიგნი ნათარგმნია ინგლისურ ენაზე. მისი შემოქმედება, ძირითადად, ბავშვებს ეძღვნება.
ეროვნული არქივი მდიდარია უძველესი და უნიკალური ფონოჩანაწერებით - 19 337 აუდიოდოკუმენტი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ფონოისტორიას ინახავს. კოლექციაშია: აკაკი წერეთლის სიტყვა - „მიმართვა მომავალი თაობებისადმი“ და მის მიერ წაკითხული ლექსები: „მგოსანი“, „განთიადი“; ვანო სარაჯიშვილის მიერ შესრულებული რომანსები; გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის ხმის ჩანაწერები; ფოლკლორული, საესტრადო, კლასიკური მუსიკის ჩანაწერები; ფრაგმენტები სპექტაკლებიდან - ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძის და სხვათა შესრულებით; გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა: კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, შალვა ჩხეტიას და სხვათა ხმის ჩანაწერები.
ეროვნული არქივი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ავტორს, დაუტოვოს საკუთარი ხმა მომავალ თაობებს.
ფონოარქივში დაცული უძველესი დოკუმენტები, ასევე ახლადშექმნილი აუდიოჩანაწერები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.