მწერალ ლევან გოთუას პირადი ფონდის მიმოხილვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების თაობაზე ყოველკვირეული მიმოხილვის გამოქვეყნებას.
ამჯერად ინფორმაცია შეეხება ლევან გოთუას პირად ფონდს, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მეუღლემ ციცო ალხაზიშვილმა გადასცა.
გთავაზობთ ფონდის მიმოხილვას:
პირადი ფონდი 583 საქმეს მოიცავს, რომლებიც 1867-1980 წლებს განეკუთვნება. მწერლის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტებიდან მნიშვნელოვანია მისი ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“. არქივში დაცულია რომანის ოთხივე წიგნის ხელნაწერი.
პირად ფონდშია მწერლის თითქმის ყველა რომანის, მოთხრობისა და პიესის ვარიანტები. მისმა ისტორიულმა რომანებმა: „გმირთა ვარამი“, „მითრიდატე“, „ლეკვი ლომისა“ გამოქვეყნებისთანავე ხალხის სიყვარული დაიმსახურა, რაც ნათლად ჩანს ფონდში დაცულ იმ უამრავ წერილში, რომლებსაც ავტორს უგზავნიდნენ. კონვერტებზე მწერლის მინაწერებია: „გავუგზავნე პასუხი“.
ფონდში ასევე შეხვდებით ლადო გუდიაშვილის, მღვდელმთავარ ლეონიდეს, ვახტანგ ტაბლიაშვილის, რევაზ ჯაფარიძის, იპოლიტე ვართაგავას და სხვათა წერილებს ლევან გოთუასადმი.ინტერესს იწვევს მწერლის კინოსცენარები: „უშბის საიდუმლო“, „სვეტიცხოველი“, „გარეჯის ქვაბთა სამყაროში“, „მრისხანე მზე“; ნარკვევები: „ფიროსმანაშვილი“, „ძახილი რკონის გამოქვაბულიდან“, „ვაჟას სამყაროში“; ნოველები: „კრწანისის სევდა“, „უფოთლო ხის ჩრდილი“, „კრწანისის სევდა“; ესკიზები: „ურმული“, „შემოდგომის პეშვი თაფლისა“, „ქარი უმთვარო“ და სხვა; სტატიები: „მთასვლელური თოკი და გზა მეგობრობისა”, „მართალი ლეგენდა“, „მწვერვალების ვაჟკაცი“; სიტყვა, წარმოთქმული ალექსანდრე ბარამიძის, ნიკო ნიკოლაძის, შალვა ღამბაშიძის საიუბილეო ღონისძიებებზე; რეცენზიები სხვადასხვა ავტორის წიგნებსა და ნაშრომებზე, მწერლის ლექსები, ჩანაწერები გაკეთებული თუშეთში, თიანეთში, კახეთში, ბორჯომსა და საქართველოს სხვა რაიონებში მოგზაურობის დროს.ლევან გოთუა მოგზაურიც იყო. მისი დამსახურებაა თრეხვის ქვაბებში XI საუკუნის წარწერიანი ქვის ფილის აღმოჩენა, რომლის შედეგადაც დადგინდა ისტორიკოს ლეონტი მროველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თარიღი. „მგზავრული კრიალოსანი“ მრავალი ასეთი მოგზაურობის შთაბეჭდილებათა საინტერესო დღიურს წარმოადგენს.საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ლევან გოთუა იყო საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი; ილია ჭავჭავაძის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით მყინვარწვერზე ქართველ მწერალთა მიერ მოწყობილი ლაშქრობის ხელმძღვანელი; ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის საძირკვლის ჩამყრელი; მოთავე საინგილოში ისტორიული ძეგლების შესწავლისა და აღნუსხვისათვის ექსპედიციების გაგზავნისა.პირად ფონდში დაცული ფოტოსურათებიდან გამორჩეულია წოვა- თუშთა ლაშქრის ფოტო, დათარიღებული 1867 წლით, ასევე საინტერესოა მწვერვალ „ვაჟა-ფშაველაზე“ მოწყობილი ლაშქრობისას გადაღებული ფოტოები.ეროვნულ არქივში არსებული დაწესებულებების, საუწყებო თუ პირად არქივებსა და კოლექციებში დაცული მრავალფეროვანი, უნიკალური მასალა აღწერს ჩვენი ქვეყნის კულტურულ, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებას მე-9 საუკუნიდან დღემდე. ეროვნული საარქივო ფონდის უნიკალური დოკუმენტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.