გამოჩენილი ქართველი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ლეგენდარულ სპორტსმენთან დაკავშირებული მასალების მიმოხილვა მიუძღვნა. ეროვნული არქივის კინოდოკუმენტებს შორის არის მიხეილ ხერგიანისადმი მიძღვნილი ოთხი დოკუმენტური ფილმი: 1968 წელს რეჟისორ ოთარ გურგენიძის მიერ გადაღებული „მიხეილ ხერგიანი – კლდის ვეფხვი“; 1972 წელს ტელეფილმების სტუდიის ფილმი „გამარჯობა მიშა“; ამავე წელს გადაღებული რეჟისორ თენგიზ ნოზაძის ფილმი „მიხეილ ხერგიანი“ და ამავე სახელწოდებით 1981 წელს გადაღებული რეზო თაბუკაშვილის ფილმი. გარდა ამისა, მიხეილ ხერგიანს გამორჩეული ადგილი უჭირავს 1965 წელს თენგიზ ნოზაძის გადაღებულ ფილმში „ჭიდილი კლდესთან“.უახლესი ისტორიის არქივში, მინისტრთა საბჭოს სპორტისა და ფიზკულტურის კომიტეტის ფონდში, დაცულია მიხეილ ხერგიანის პირადი საქმე, სადაც გაერთიანებულია მისი ავტობიოგრაფიები, დახასიათება, სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული საქმიანობის ამსახველი მასალები.ფოტოარქივი ინახავს ალპინისტისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოებს.