მიუსაფარი ბავშვების ფოტონამუშევრების გამოფენა - საქართველოს ეროვნული არქივი

მიუსაფარი ბავშვების ფოტონამუშევრების გამოფენა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივის პავილიონში მიუსაფარი ბავშვების ფოტონამუშევრების გამოფენა გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლის ბენეფიციარების მიერ გადაღებული 30 ფოტო. თეა წულუკიანმა ფოტონამუშევრების ავტორებს ფოტოხელოვნების შესახებ გამოცემული სახელმძღვანელოები საჩუქრად გადასცა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრმა.

პროექტი იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის საგრანტო პროგრამის - „ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა” - ფარგლებში დააფინანსა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision საქართველომ, მიუსაფარ ბავშვებს ფოტოგრაფიის ჯგუფები შესთავაზა. პროექტის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, ბავშვებმა ფოტოხელოვნების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

გამოფენას ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წამყვანი უწყება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ასევე, მათ მიმართ ძალადობის პრევენციას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც შემოიტანა მიუსაფარი ბავშვის ცნება. ასეთი ბავშვებისთვის იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უსასყიდლოდ გასცა დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. დოკუმენტაციის მოწესრიგება თავის მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, ჩაერთონ განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სახელმწიფო პროგრამებში. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს. 2014-2016 წლებში მედიაციის სახლის სერვისებით 700-ზე მეტმა არასრულწლოვანმა ისარგებლა. მათ შორის ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე 125 ბავშვია.

ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 30 ივლისს აღინიშნება.