მემორანდუმი ეროვნულ არქივსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის - საქართველოს ეროვნული არქივი

მემორანდუმი ეროვნულ არქივსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციის და ძეგლთა დაცვის სფეროში არსებული ისტორიული დოკუმენტაციის ეფექტური გამოყენების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის უვადო თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცემს კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტურ საცავში არსებული პროექტების, ნახაზების, კროკებისა და მხატვრობის ასლებს.

თავის მხრივ, ეროვნული არქივი ეროვნულ სააგენტოს კონკრეტული პროექტების განხორციელებისთვის მიაწოდებს არქივში დაცულ იმ წერილობით და ვიზუალურ მასალას, რომელიც დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ უფრო წარმოაჩენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის სფეროს განვითარების ისტორიულ ტენდენციებს.

ამ მიმართულებით მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის პირველი ერთობლივი პროექტი განხორციელდება და ევროპის კვირეულის ფარგლებში მომზადდება შემეცნებითი გამოფენა და კონფერენცია - „საქართველოს მოდერნისტული არქიტექტურა. 1950-80-იან წლებში ქვეყნის ურბანული განვითარების სამშენებლო პროცესები“.