მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე - საქართველოს ეროვნული არქივი

მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ცნობილი ქართველი მომღერლის, მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე:

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი და შემდეგ - ბანკეტი. კონცერტში მონაწილეობდნენ: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო გოცირიძე, ვასო აბაშიძე, ნინა მაღალაშვილი, ბაუერზაკსი, დები თარხნიშვილები. კონცერტის შემდეგ გამართული სუფრის თამადა იყო ნოე ჟორდანია, „იმ დროის მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველანი იყვნენ“.

”ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. დამიკრა თავი, არ გამივიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოუარეთ (გვარი არ მახსოვს) მთლიანად ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი ... თან მახლდა მეუღლე დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით”.

მოგონება დაცულია მარო თარხნიშვილის პირად ფონდში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.