თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ეროვნულმა არქივმა კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე დარბაზში უხმო კინოს პერიოდში გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გამართა. ფილმები ცოცხალი მუსიკით გააფორმეს რეზო კიკნაძემ და ანსამბლმა „Consilia". გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გადაღებულმა ნამუშევრებმა მაყურებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალისათვის შერჩეული იყო ფილმები „კულტურფილმის“ ჟანრიდან, რომელსაც აერთიანებს კონცეფცია „სხეული/მანქანა“. ფილმებიდან ორი კოტე მიქაბერიძისა და ვასილ დოლენკოს „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ (1930 წელი) სიკო დოლიძის „მიწის ძახილი“ (1928 წელი) ახალგაზრდა სოციალისტური რესპუბლიკისთვის ძალიან აქტუალურ თემას, კოლექტიურ მეურნეობებში სამუშაო პროცესის მექანიზაციას და შრომის ახლებურ განაწილებას ეხება. ორიც, ვახტანგ შველიძის „კოლმეურნის ჰიგიენა“ (1934 წელი) და ალექსანდრე ჯალიაშვილის „დილის ათი წუთი“ (1932 წელი) ასახავს სახელმწიფო პოლიტიკას სხეულის გაჯანსაღების საკითხებში.