კოტე მიქაბერიძისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში - საქართველოს ეროვნული არქივი

კოტე მიქაბერიძისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დღეიდან ორი კვირის განმავლობაში გამოფენას - „კოტე მიქაბერიძე“ - მასპინძლობს.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და გამოფენის კურატორებმა - ნინო ძანძავამ და სოსო დუმბაძემ - გახსნეს.

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მხატვრის - კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ გამოფენა ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული არქივისა და საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.“-ს მიერ.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, კოტე მიქაბერიძის ძმისშვილები - გელა და მაია მიქაბერიძეები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტო და წერილობითი მასალა, ასევე კოტე მიქაბერიძის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა ნაწილი საჯაროდ პირველად გამოიფინა.

დარბაზში განთავსებულ მონიტორებზე დამთვალიერებელს საშუალება მიეცა ენახა მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმების ყველა შემორჩენილი და ხელმისაწვდომი ასლი. „ჩემი ბებიას“ (1929) გარდა, კინომოყვარულთა და პროფესიონალთა წრეებისთვის ნაკლებად ცნობილია მიქაბერიძის სხვა სარეჟისორო ნამუშევრები („ჰასანი“ (1932), „ქაჯეთი“ (1936), „ფორპოსტი“ (1941), „ალბანეთის დელეგაცია საქართველოში“ (1952) და სხვ.).

დღესვე გაიმართა საზოგადოებრივი გამომცემლობა „სა.გა.“-ს მიერ დასტამბული წიგნის - „კოტე მიქაბერიძე“ - პრეზენტაცია.

წიგნი პირველი მოცულობითი მონოგრაფიაა რეჟისორის შესახებ. მასში თავმოყრილია კოტე მიქაბერიძის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტები 14 სხვადასხვა არქივიდან. თავში „რეპრესია 1957-1959“ წარმოდგენილია მიქაბერიძის დაპატიმრებისა და გასამართლების აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტები. გამოფენა 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.