საქართველოს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია კათალიკოს დოროთეოზ ΙΙΙ-ის წიგნი იტრიის ეკლესიისათვის ყმა-მამულისა და საეკლესიო ნივთების შეწირულების შესახებ, 1589-1595 წლები (ეტრატი, გრაგნილი).
საბუთს ახლავს მხატვარ აკაკის მიერ შესრულებული მინიატურა, რომელზეც გამოსახულია ჩვილედი ღვთისმშობელი, ასევე დოროთეოზ კათალიკოსი. მინიატურას ახლავს შემდეგი მინაწერით: „მხატვრისა აკაკისთვის შენდობა ბძანე, მეუფეო“.
დოროთეოზ III – აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1589-1595 წლებში. მან მეფე გიორგი IX-ისგან (1525-1527 წლებში) შეიძინა ,,დიდის ფასითა” სურამთან ახლოს მდებარე სოფელი იტრია და სოფელში არსებული ყოვლადწმინდის დანგრეული ეკლესიის ნაცვლად ააგო საძვალე ,,მონასტერი ესე კარგი, დიდი და პატიოსანი“. მისი კათალიკოსობა სვიმონ I-ის მეფობას ემთხვევა.
წარმოდგენილი საბუთის მიხედვით დოროთეოზს აღუდგენია შაჰ-თამაზის შემოსევების შედეგად დანგრეული იტრიის ტაძარი და უხვად შეუწირავს ყმა-მამული და საეკლესიო ნივთები.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.