„ქართული კინო 1920-1930“ – წიგნის პრეზენტაცია, საჯარო ლექციები და აღდგენილი ფილმების რეტროსპექტივა - საქართველოს ეროვნული არქივი

„ქართული კინო 1920-1930“ – წიგნის პრეზენტაცია, საჯარო ლექციები და აღდგენილი ფილმების რეტროსპექტივა

1920-1930 წლების ქართული კინო – საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომლობით 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე ღონისძიებათა ციკლი იმართება. ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონმა დღეს წიგნის „ქართული კინო 1920-1930“ პრეზენტაციას უმასპინძლა. დღესვე ეროვნული არქივის კინოდარბაზში ნიკოლოზ შენგელაიას ფილმით „ელისო“ (1928) 1920-30-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა გაიხსნა.

წიგნი-ალბომი „ქართული კინო 1920-1930“ გასული საუკუნის 20-იან წლებში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტების შესახებ საინტერესო სტატიებს, ფილმოგრაფიას, უნიკალურ ფოტოებსა და საარქივო მასალას აერთიანებს. გამოცემა კინომცოდნეების – ნინო მხეიძისა და არჩილ შუბაშვილის – რედაქტორობით მომზადდა.

20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე დაგეგმილ რეტროსპექტივაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დიდ ეკრანზე იხილოს 1920-იან წლებში შექმნილი და ციფრულად აღდგენილი ქართული ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, „კრაზანა“, „ამოკი“, „ნორჩი მფრინავი“, „ჯანყი გურიაში“, „სურამის ციხე“, „მამის მკვლელი“ და სხვ. ფილმებს მაყურებელს წარუდგენენ კინომცოდნეები: ირაკლი მახარაძე, ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე და თეო ხატიაშვილი.

პროექტი “ქართული კინო 1920-1930” ასევე მოიცავს საჯარო ლექციების ციკლს, რომელთაც ირაკლი ხვადაგიანი, ლაშა ბაქრაძე, ლევან კალანდარიშვილი, შოთა იათაშვილი და ნანა ყიფიანი ეროვნულ არქივში 24 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარებენ.

კინოჩვენებებისა და საჯარო ლექციების განრიგი იხილეთ აქ.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულმა კინოცენტრმა ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ეტაპზე რუსეთის ფილმსაცავიდან „გოსფილმოფონდ” ჩამოტანილია 60-მდე ფილმი, აქედან აღდგენილია 34.

1920-1930 წლების რეტროსპექტივის მონაწილე ფილმები აღდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივის ბაზაზე, გიორგი კაკაბაძის ხელმძღვანელობით.

პროექტის პარტნიორები არიან ეროვნული არქივი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.