ქართული დოკუმენტური ფილმები ბოლონიის კინოფესტივალზე - საქართველოს ეროვნული არქივი

ქართული დოკუმენტური ფილმები ბოლონიის კინოფესტივალზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ქართული დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „თუჯი“, „ხაბაზები“, „მეკვლე“ და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ ბოლონიის კინოფესტივალზე „ილ ჩინემა რიტროვატო“ (Il Cinema Ritrovato) 27 ივნისს იქნება ნაჩვენები.

მაყურებელს ფილმებს წარუდგენს ჩვენების კურატორი, ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე, კინომცოდნე ნინო ძანძავა.

კინოფესტივალი 22 ივნისს გაიხსნება და 30 ივნისამდე გასტანს. ბოლონიის სინემათეკის მიერ 1986 წელს დაარსებული ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. მასზე აღდგენილ ხმოვან და უხმო ფილმებს ცალკე სექციაში აჩვენებენ.

კინოფესტივალზე საქართველოს მხრიდან წარდგენილი „თუჯი“ (1964. რეჟისორი ოთარ იოსელიანი, სტუდია „მემატიანე“), „ხაბაზები“ (1970. რეჟისორი ბიძინა რაჭველიშვილი, „საქართველოს ტელეფილმების სტუდია“), „მეკვლე“ (1981. რეჟისორი გოდერძი ჩოხელი, სტუდია „მემატიანე“) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985. რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, სტუდია „მემატიანე“) ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურმა არქივმა 2018-2019 წლებში ციფრულად აღადგინა. პროექტზე მუშაობდნენ გიორგი კაკაბაძე, ნინო ძანძავა და შალვა მიქუტიშვილი.

ფილმები გაერთიანებულია თემით „საბჭოთა პროპაგანდის მიღმა: ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნაკრები“ და ნაჩვენები იქნება ფესტივალის სექციაში „Recovered & Restored“. ქართული ფილმების გარდა სექციაში აჩვენებენ მსოფლიო კინოკლასიკას: ჟან რენუარის „ტონი“, ლუის ბუნუელის „ოქროს ხანა“, ფედერიკო ფელინის „ჯამბაზები“, ჯონ კასავეტესის „ქმრები“ და სხვა.