იუსტიციის სამინისტროში კონსტიტუციის დღე გამოფენით აღინიშნა - საქართველოს ეროვნული არქივი

იუსტიციის სამინისტროში კონსტიტუციის დღე გამოფენით აღინიშნა

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები გამოიფინა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციასთან ერთად, ექსპოზიციაზე უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალაც იყო წარმოდგენილი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო სხდომის ოქმები, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და საკონსტიტუციო კომისიის შეერთებული სხდომის ოქმი, კონსტიტუციის განხილვის წესი, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა და სხვა. თითქმის საუკუნის წინანდელ მასალასთან ერთად გამოფენილი იყო მე-20 საუკუნის დოკუმენტები − 1995 წლის კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესის ამსახველი მასალა, პარლამენტის დადგენილება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, სხდომისა და 1995 წლის კონსტიტუციაზე საზეიმო ხელმოწერის ფოტოები. კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.