იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის აუდიოსტუდია დაათვალიერა - საქართველოს ეროვნული არქივი

იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის აუდიოსტუდია დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს ეროვნულ არქივს ეწვია და აუდიოსტუდია დაათვალიერა, სადაც, ეროვნული საარქივო ფონდის გასამდიდრებლად, ახალი აუდიოჩანაწერები იქმნება. ამ დროისათვის სტუდიაში საკუთარ ნაწარმოებებს პოეტი ვახტანგ ჯავახაძე კითხულობდა.

„მინდა მადლობა ვუთხრა მწერლებს, პოეტებს, საზოგადო მოღვაწეებს, ვინც ეროვნული არქივის ინიციატივას გამოეხმაურა და თავის ნაწარმოებებსა თუ სხვა საუბრებს ამ აუდიოსტუდიაში წერს. ეს დღეს შეიძლება გართობად გვეჩვენება, თუმცა მათი ხმის ჩანაწერები ჩვენი კულტურის ნაწილია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავალი თაობებისათვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.„დღეს ჩემი 15 ლექსი წავიკითხე, გავიხსენე ისტორია, როგორ ვწერდი „უცნობს“ გალაკტიონის შესახებ. კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა ამის საშუალება“, - აღნიშნა ვახტანგ ჯავახაძემ.

ეროვნულ არქივში ახალი აუდიოჩანაწერები ქართველი კლასიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ხმის ჩანაწერებთან ერთად შეინახება.ეროვნული არქივი მდიდარია უძველესი და უნიკალური აუდიოჩანაწერებით - 19 337 ფონოდოკუმენტი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ფონოისტორიას ინახავს. კოლექციაშია: აკაკი წერეთლის სიტყვა - „მიმართვა მომავალი თაობებისადმი“ და მისი წაკითხული ლექსები: „მგოსანი“, „განთიადი“; ვანო სარაჯიშვილის შესრულებული რომანსები; გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის ხმის ჩანაწერები; ფოლკლორული, საესტრადო, კლასიკური მუსიკის ჩანაწერები; ფრაგმენტები სპექტაკლებიდან - ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძის და სხვათა შესრულებით; გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა: კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, შალვა ჩხეტიას და სხვათა ხმის ჩანაწერები.