საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 25 ნოემბერს, 11:00 საათზე ქუთაისში, „თიბისი გალერეაში“ გამოფენა „საქართველოს პირველ რესპუბლიკას“ გახსნის.
ღონისძიებაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებითა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება, მოწვეულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ამ გამოფენაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი.
გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი. გამოფენილი იქნება 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია. საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლით ადრე გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნა პროგრესული სამართლებრივი აქტი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში დროებით დამარცხდა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინება ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტები პირადი საარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსიის ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოტანა 2015 წელს იუსტიციის მინისტრის ძალისხმევით მოხერხდა. გამოფენისათვის შექმნილია სპეციალური კატალოგი. გამოფენა 12-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში იყო წარმოდგენილი, 6-20 ნოემბერს, ექსპოზიციას თელავის რეგიონულმა არქივმა უმასპინძლა, 25 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე კი ქუთაისში იქნება გამოფენილი.
14 დეკემბერიდან გამოფენა ბათუმში „თიბისი გალერეაში“ გადაინაცვლებს.
„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.