იუსტიციის მინისტრი პირველი რესპუბლიკის თემაზე ბათუმში გამოფენას გახსნის - საქართველოს ეროვნული არქივი

იუსტიციის მინისტრი პირველი რესპუბლიკის თემაზე ბათუმში გამოფენას გახსნის

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 16 დეკემბერს, 13:00 საათზე ბათუმის „თიბისი გალერეაში“ გამოფენას - „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ - გახსნის.

ღონისძიებაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებითა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება, მოწვეული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ მრავალფეროვანი და ფართომასშტაბიანი გამოფენა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ამ გამოფენაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენელ ხარიტონ შავიშვილის არქივი.

გამოფენა 12-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში იყო წარმოდგენილი, 6-20 ნოემბერს ექსპოზიციას უმასპინძლა თელავის რეგიონულმა არქივმა, ხოლო 25 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე - ქუთაისის „თიბისი გალერეამ“.

გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ წერილობით და ფოტომასალას საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდში (1918-1921 წწ.) და დაყოფილია თემებად: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა; პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა; ხარიტონ შავიშვილი.

გამოფენილი იქნება 63 ფოტო და წერილობითი დოკუმენტების ფოტორეპროდუქცია.

საქართველოს ისტორიის ეს მოკლე მონაკვეთი გამორჩეულია იმით, რომ აღდგა 117 წლით ადრე გაუქმებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა; ასევე, 1919 წელს ჩატარდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს − დამფუძნებელი კრების − არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს; კანდიდატებად დარეგისტრირებული ოცამდე ქალიდან კი დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; მიღებულ იქნა პროგრესული სამართლებრივი აქტი − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.

სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობით დასრულდა და დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში დროებით დამარცხდა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა 1921 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ დოკუმენტებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ფართო საზოგადოებისთვის პირველად გამოიფინა ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენელ ხარიტონ შავიშვილის დოკუმენტები პირადი საარქივო ფონდიდან, რომლის ციფრული ვერსია 2015 წელს ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან საქართველოში ჩამოიტანეს იუსტიციის მინისტრის ძალისხმევით. გამოფენისათვის შექმნილია სპეციალური კატალოგი.

ბათუმის „თიბისი გალერეაში“ გამოფენა 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.