იუსტიციის დღეს სამართლებრივი ძეგლების გამოფენა მიეძღვნა
იუსტიციის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში მოეწყო „სამართლებრივი ძეგლების“ გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების მასალები, რომელიც მე-11_მე-19 საუკუნეებს მოიცავს.დოკუმენტები შინაარსობრივად შეეხება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სხვადასხვა უწყების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს კანონთა წიგნისა და საკანონმდებლო მაცნეს რედაქციის საქმიანობას.გამოფენაზე წარმოდგენილი უძველესი დოკუმენტი - მეფე გიორგი II-ის სიგელი შიომღვიმის მონასტრისადმი სოფლების შეწირულების განახლების შესახებ - 1072 წლით არის დათარიღებული. დღემდე მოღწეულია დოკუმენტის ფრაგმენტი. საბუთი დაწერილია ეტრატზე.ექსპონატებს შორის არის მეფე დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის პერიოდის ორი დოკუმენტი: 1104-1118 წლების საბუთი - მამულის წყალობის წიგნი, დავით აღმაშენებლისა ნიანია ნიანიასძისადმი და 1123 წელს შედგენილი ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიო მღვიმის მონასტრისადმი. მეფემ მონასტერს უანდერძა ქართლში მდებარე რამდენიმე სოფელი.Fორივე დოკუმენტი ეტრატზეა შესრულებული.გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება 1187 წელს შედგენილი თამარ მეფის სიგელი, რომლითაც მეფემ სოფელი ჭორვილა გელათის ტაძარს შესწირა.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დოკუმენტების ციფრული ასლები.იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა დღე 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაწესდა და იგი 1918 წლის 11 ოქტომბერს მიღებულ კანონს უკავშირდება. სწორედ 1918 წლის 11 ოქტომბრის კანონით იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა პირველი სტრუქტურული ერთეული, საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის ოფიციალურ გამოცემას.