იმერეთის რეგიონის არქივები ელექტრონული მომსახურების სისტემაში
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონულ სისტემაში დღეიდან ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის, ხარაგაულისა და ვანის რაიონების არქივები ჩაერთო.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ადგილობრივ არქივებში მომსახურების ახალი სისტემის მუშაობას პირადად გაეცნო.
მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვის შემდეგ ეროვნული არქივი მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს დისტანციურად ემსახურება. სისტემაში ჩართული არქივებიდან საჭირო დოკუმენტის მიღება ადგილზე ჩაუსვლელად არის შესაძლებელი.
„აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის დისტანციური მომსახურებით მოქალაქეები უკვე აქტიურად სარგებლობენ. ბოლო ერთ თვეში 35-მა მოქალაქემ მოახერხა მისთვის საჭირო დოკუმენტი ადგილზე ჩაუსვლელად, არქივის უახლოეს ოფისში მიეღო“, _ აღნიშნა ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა.
ზემოთჩამოთვლილი რაიონების გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის არქივი, ასევე, სამტრედიის, თელავის, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლისა და ახმეტის ადგილობრივი არქივები. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სისტემაში ეროვნული არქივის სხვა ადგილობრივი ოფისების ჩასართავად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა.
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.