გურიის რეგიონის არქივები ეროვნული არქივის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი არქივები მოსახლეობას დღეიდან ახალ, დისტანციურ მომსახურებას გაუწევს. ეს რაიონები იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო. შესაბამისად, მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, ელექტრონულ პროგრამაში ჩართული არქივების მომსახურება ადგილზე ჩაუსვლელად მიიღონ.
სიახლის პრეზენტაცია ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა დღეს ოზურგეთის ადგილობრივ არქივში გამართა. ღონისძიებას პრეზიდენტის რწმუნებული გურიის რეგიონში ვალერი ჩიტაიშვილი დაესწრო.
თეონა იაშვილის ინფორმაციით, „გურიის სამივე რეგიონი ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთო და ერთიან ქსელს შეუერთდა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს მათთან ახლოს მდებარე არქივის დისტანციური მომსახურებით ისარგებლონ და ადგილზე მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია“.
„მივესალმები ეროვნული არქივის ინიციატივას. ერთიანი ქსელის შექმნა დაზოგავს მოსახლეობის დროს და ხარჯებს. ასევე, საშუალებას მისცემს მათ ეროვნული არქივის კომფორტული მომსახურებით ისარგებლონ“, _ აღნიშნა ვალერი ჩიტაიშვილმა.
ეროვნული არქივში დანერგილი კიდევ ერთი სიახლე დაჩქარებულ მომსახურებას ეხება. ცნობებისა და სხვა დოკუმენტების მიიღება ორდინალურ, 10-დღიან ვადასთან ერთად, შესაძლებელი გახდა განცხადების შეტანიდან იმავე დღეს, 24 საათის გასვლისთანავე, მესამე ან მეხუთე დღეს.
გურიის რეგიონის ყველა რაიონის გარდა, ეროვნული არქივის ერთიანი ელექტრონული სისტემით სარგებლობს: თბილისში მდებარე სამი და ქუთაისის ცენტრალური არქივები, თბილისის საქალაქო არქივი, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონების არქივები, ასევე, მცხეთის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ხობის, გურჯაანის, თელავის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ახმეტის, ბოლნისის, გარდაბნისა და რუსთავის ადგილობრივი არქივები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შემუშავებული ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.