განათლების სახალხო კომისარიატის ფონდის მიმოხილვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფონდებისა და კოლექციების მიმოხილვა უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის (შემდეგში სამინისტრო) ფონდით გრძელდება.
ფონდი მოიცავს 1921-1992 წლებს და მასში დაცულია სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის, საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს (შემდეგში მინისტრთა საბჭოს), საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის ოფიციალური დოკუმენტები.მასალებს შორის არის საქართველოს განათლების სამინისტროსა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საკავშირო საზოგადოების საქართველოს ფილიალის, მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიული ორიენტაციის უწყებათაშორისი საბჭოს, სასკოლო ბიბლიოთეკების, სასკოლო მოძრავი თეატრის, ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დებულებები; საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სკოლების პასპორტები (1938-1941 წლები).ფონდის დოკუმენტები მრავალფეროვანია და შეეხება სახალხო განათლების განყოფილებებთან სიძველეთა და ხელოვნების ნიმუშთა დამცველი და სამხატვრო პედაგოგიური სექციების დაარსებას, საქართველოში ეთნოგრაფიული გუნდების ჩამოყალიბებას, თბილისში სასკოლო მშენებლობის მიმდინარეობას, საქართველოში არქეოლოგიური გათხრების წარმოებას (ნოქალაქევში, გეგუთში, მცხეთაში), კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური საზოგადოებას, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას, საქართველოდან პირველი მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში გატანილ სიძველეთა რეევაკუაციას, ფრანგული, გერმანული რეალურ სასწავლებლებს, საქართველოს ფიზიკურ ობსერვატორიას, მოსკოვში არსებული ქართული ისტორიულ-არქეოლოგიური სიძველეების დაბრუნებას და სხვ.საინტერესოა დოკუმენტები ქალაქ ედინბურგში ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე პროფესორ ივანე ბერიტაშვილის გაგზავნის შესახებ, საზღვარგარეთ სტუდენტთა სასწავლებლად გაგზავნის (ქეთევან მაღალაშვილი, ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ბელიაშვილი და სხვ.) თაობაზე.ფონდშია საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარის ტიციან ტაბიძის თხოვნის წერილი მისი და-ძმისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, მასალები მასწავლებელთა დამსახურებაზე წარდგენის, პერსონალური პენსიების დანიშვნის, საზღვარგარეთ მივლინების, ქების სიგელებით და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვების შესახებ. ასევე, მასწავლებელთა საანკეტო ფურცლები, პროფესორ-მასწავლებელთა პირადი საქმეები (შალვა ამირანაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, კოტე ბაქრაძე, ვუკოლ ბერიძე, სარგის კაკაბაძე, ნიკო მუსხელიშვილი, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, შალვა ჩხეტია, ივანე ჯავახიშვილი და სხვ.)ფონდი უაღრესად საინტერესოა და მისი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.