გამოფენა სათეატრო მუზეუმის იუბილესთან დაკავშირებით
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიხსნა ექსპოზიცია: „დავით არსენიშვილი და სათეატრო მუზეუმი“.
გამოფენა სათეატრო მუზეუმის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული არქივი.
გამოფენაზე წარმოდგენილია მუზეუმის დამაარსებლის, კულტურის გამოჩენილი მოღვაწის დავით არსენიშვილის მიერ გასული საუკუნის 20-იან წლებში შეგროვილი უნიკალური ექსპონატები: კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის, შალვა დადიანის, დავით ერისთავის, ივანე მაჩაბელის, ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინის, მაკო საფაროვას, ნატო გაბუნიას, კოტე მესხის, ვლადიმერ მეერხოლდის, ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული წერილობითი, ფოტო და სცენოგრაფიული მასალა, აგრეთვე, მათი მემორიალური ნივთები.
გამოფენა 5 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.