გამოფენა „საქართველოს მწვერვალები“ - საქართველოს ეროვნული არქივი

გამოფენა „საქართველოს მწვერვალები“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს მწვერვალები“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელზეც კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და მის განშტოებებზე არსებული სხვადასხვა გამორჩეული მწვერვალია ასახული. საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს მრავალ ფოტოდოკუმენტს, რომლებიც დიმიტრი ერმაკოვის, ვიტორიო სელას, გიორგი ნიკოლაძის კოლექციებშია გაერთიანებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი საქართველოს მწვერვალები სილამაზით, სიმკაცრითა თუ დახვეწილი გეომეტრიული ფორმებით სამუდამოდ ნუსხავს მნახველს.

გამოფენის ექსპონატებს შორის არის ასევე ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან და დიმიტრი სილაქაძის პირადი არქივიდან.

ფოტოექსპოზიცია „საქართველოს მწვერვალები“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2020 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

დათვალიერება თავისუფალია.