გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი“ გაიხსნა - საქართველოს ეროვნული არქივი

გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი“ გაიხსნა

ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნა.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა, სხვა სტუმრებთან ერთად გამოფენის გახსნას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილის ოჯახის შთამომავლები, მათ შორის იყო 8 წლის ექვთიმე თაყაიშვილი.

ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ინახავს.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის საქმიანობა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოტოებთან ერთად, საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტების ორიგინალები, ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისევე, როგორც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საარქივო ფონდებში ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესახებ დაცული მასალა საზოგადოებისათვის გამოფენის ფორმატში პირველად არის წარდგენილი. გამორჩეულია საარქივო მასალა, რომელიც ასახავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული საგანძურის დაცვისა და მოძიების საქმეში ექვთიმე თაყაიშვილის წვლილს.

დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს ანჩისა და კალმახის ციხის სახარებები, რომელთა მოძიება თაყაიშვილის სახელს უკავშირდება.

გამოფენის ერთი ნაწილი შეეხება ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ლევილის მამულში ქართველი მოღვაწის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტებიც.

აღსანიშნავია, რომ ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ცენტრალური არქივის, დღევანდელი ეროვნული არქივის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 2020 წელს არქივის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება.

გამოფენა 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.