ფოტოხელოვან დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია - საქართველოს ეროვნული არქივი

ფოტოხელოვან დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექცია

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული კოლექციებისა და ფონდების მიმოხილვას, რომელიც ამჯერად დიმიტრი მძინარიშვილის ფოტოკოლექციას შეეხება. კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ქართველი ხელოვნებათმცოდნისა და ფოტოხელოვანის დიმიტრი მძინარიშვილის პირადი ფონდი (ფოტოკოლექცია), რომელიც ავტორმა 1989 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, უსასყიდლოდ გადასცა არქივს. 432 ფოტოპოზიტივი გაერთიანებულია 5 ალბომში და მოიცავს 1959-1989 წლების პერიოდს.დიმიტრი მძინარიშვილი იყო კინოსა და ოპერის მსახიობი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე, საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიის წარმოების უფროსი და ადმინისტრატორი.მისი ფოტოკოლექცია მრავალფეროვანია და აღწერს ჩვენი ქვეყნის კულტურულ, სპორტულ, საზოგადოებრივ მოვლენებს. მასში მრავლადაა ცნობილი მხატვრების, მსახიობების, პოეტების, მწერლების, მუსიკოსების პორტრეტები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოდოკუმენტები, მათ შორის ვერიკო ანჯაფარიძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ვასილ ამაშუკელის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვათა ფოტოები.კოლექციაში არის თავად დიმიტრი მძინარიშვილის რამდენიმე ფოტოც, სადაც ის გადაღებულია თავის პერსონალურ გამოფენაზე 1979 წელს, მუშაობის დროს, ცნობილ მხატვრებთან ლადო გუდიაშვილთან და მიხეილ ჩიქოვანთან ერთად.ფონდში აგრეთვე დაცულია: ვასილ ამაშუკელის, ვერიკო ანჯაფარიძის, ირაკლი აბაშიძის, არამ ხაჩატურიანის, მიხეილ ჩიქოვანის, სანდრო მირიანაშვილის წერილები, რომლებშიც ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ დიმიტრი მძინარიშვილის პროფესიონალიზმს და მადლობას უხდიან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში უკვე შექმნილია ამ ფოტოკოლექციის ელექტრონული ვერსია, რითაც მკვლევარებს ფოტოების მოძიება გაუიოლდათ.