ფილმს „საქართველოს კურორტებზე“ ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა - საქართველოს ეროვნული არქივი

ფილმს „საქართველოს კურორტებზე“ ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დოკუმენტურ ფილმს „საქართველოს კურორტებზე“ ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა.

საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს - გიორგი კაკაბაძესა და შალვა მიქუტიშვილს - საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა.

20-წუთიან ფილმში „საქართველოს კურორტებზე“ წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამთო და საზღვაო კურორტები. სცენარის ავტორია ია მესხი, ოპერატორი ლევან არზუმანოვი. ფილმი გადაღებულია საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში. ფილმის დედანი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

სამომავლოდ იგეგმა რესტავრირებული ფილმის ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის, ასევე, საარქივო ფილმების ფესტივალებში მონაწილეობისათვის წარდგენა.