საქარველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გაიხსნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი დოკუმენტები ასახავენ მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი მეომრების გმირულ ბრძოლასა და იმ პერიოდის საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ღონისძიება გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მაია კოპალეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენი მიზანი იყო, ეროვნულ არქივში დაცული, მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული მასალები საგამოფენოდ წარმოგვედგინა, რათა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმ ღვაწლისათვის, რომელიც ქართველ გმირებს მიუძღვით ფაშიზმზე გამარჯვებაში“.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია: ქართველი მეომრების ბრძოლა იტალიელ და ფრანგ პარტიზანებთან ერთად; აჯანყება კუნძულ ტექსელზე; აშშ-ს ხელისუფლების მიერ „ოქროს ჯვარით“ დაჯილდოებული გიორგი კაკუშაძის დოკუმენტები; მასალები პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას შესახებ; მფრინავ ჭიჭიკო ბენდელიანისა და სხვა მეომართა პირადი წერილები და ფოტოსურათები; გერმანელი ტყვეების დაკითხვის ოქმები.
ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი მასალები ასახავენ სამამულო ომის პერიოდში საქართველოში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს: 1944 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება; 1945 წლის მასალები საფრანგეთიდან ქართული სამუზეუმო განძეულობის დაბრუნების თაობაზე; დოკუმენტები სათაფლიაში სამუზეუმო ექსპონატების გადამალვის შესახებ; ქართველი ხელოვანების მოღვაწეობა ომის დროს და სხვა.
გამოფენა 10 მაისამდე გაგრძელდება.