საქართველოს ეროვნული არქივი აგრძელებს ვიდეოპროექტს „ერთი ფილმის ისტორია“, რომელშიც ავტორები თავად ყვებიან ქართული ფილმების შექმნის ისტორიებს.
ამჯერად კინორეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებს 1983 წელს თავის მხატვრულ ფილმზე „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ მუშაობის პროცესს, მსახიობებთან ურთიერთობას, ფილმის პრემიერას და სხვა საინტერესო დეტალებს.
რეჟისორის მოგონებების პარალელურად წარმოდგენილია ფრაგმენტები ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კინოსურათიდან.
„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ეროვნული არქივის ვიდეოპროექტის მესამე ნამუშევარია, რადგან უკვე გადაღებულია „ერთი ფილმის ისტორია - ჯარისკაცის მამა“ და „ერთი ფილმის ისტორია - იმერული ესკიზები“, რომლებშიც კინორეჟისორები, რეზო ჩხეიძე და ნანა მჭედლიძე, თავიანთი კინოსურათების შექმნის ისტორიას ყვებიან.
აღნიშნული კინოდოკუმენტები ეროვნულ არქივში ინახება, ამასთან, ხელმისაწვდომია სოციალური მედიის საშუალებით და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.