ერთა ლიგაში საქართველოს პირველი წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი საქართველოშია - საქართველოს ეროვნული არქივი

ერთა ლიგაში საქართველოს პირველი წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივი საქართველოშია

„ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი და უკანასკნელი წარმომადგენლის, ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივი ჟენევიდან საქართველოში ჩამოვიდა. მისი პრეზენტაცია ეროვნულ არქივში დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ჟენევაში გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა. „ეროვნული არქივის თანამშრომლები წლის ბოლომდე ამ დოკუმენტებს შეისწავლიან, დაახარისხებენ და ხარიტონ შავიშვილის თვალით დანახული ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს პერიოდი საზოგადოებისათვის ღია იქნება. ეს არქივი იმდროინდელი საქართველოს ისტორიას ახალ შტრიხებს შესძენს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ხარიტონ შავიშვილის არქივის ასლის საქართველოში ჩამოტანაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ წელს ჟენევის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და ეროვნული არქივის თანამშრომლების ადგილზე ჩასვლისა და მუშაობის უფლების მოსაპოვებლად მოლაპარაკებები პირადად გამართა.

მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ეროვნული არქივის სპეციალისტები ჟენევაში ჩავიდოდნენ და საკუთარი აპარატურით მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ამ საარქივო მასალების დიგიტალიზაციას გააკეთებდნენ.

ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი ხარიტონ შავიშვილის არქივისა და მასთან დაკავშირებული ჟენევის საქალაქო არქივის საარქივო მასალების შესაბამისი წესით დამუშავება, კატალოგიზაცია და ერთიანი მასალის აღწერილობის გამოცემა 2015 წლის ბოლომდე იგეგმება.

არქივის აღწერის ინგლისური ვერსია გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკასაც გადაეცემა, რაც მკვლევარებისათვის მასალის შესწავლას გააიოლებს.

არქივში თავმოყრილია: „ერთა ლიგაში“ საქართველოს წარმომადგენლობის მუშაობის ამსახველი დოკუმენტები; მიმოწერა ევროპულ ორგანიზაციებსა და ევროპელ პოლიტიკოსებთან საქართველოში იმ დროს არსებული პრობლემატიკის შესახებ; ქართველ ემიგრანტებთან ურთიერთობის, ასევე „საქართველოს საზღვარგარეთული პრესის ბიუროსა“ და „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტის“ საქმიანობის ამსახველი მასალა. გარდა ამისა, ხარიტონ შავიშვილის არქივში ინახება მისი მემუარები და პირადი ბიბლიოთეკა.

ხარიტონ შავიშვილის არქივის დიგიტალური ასლების საქართველოში ჩამოტანა, მისი აღწერა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მამულიშვილის სამშობლოსათვის ბრძოლის 55-წლიანი ისტორიის სათანადოდ შენახვისა და შესწავლის საწინდარი იქნება.