ეროვნულმა არქივმა სტაჟირების მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. შერჩეული 50-მდე კანდიდატი სტაჟირების კურსს 2010 წლის სექტემბრიდან გაივლის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება ეროვნული არქივის მოქალაქეთა მისაღებში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №1) და ქუთაისის იუსტიციის სახლში (სადგურის მოედანი 3ა, პირველი სართული) 2010 წლის 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ეროვნული არქივის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
კანდიდატებმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: პირადი განცხადება; განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან; პირადობის მოწმობის ასლი; ავტობიოგრაფია; ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით. სტაჟიორები, რომლებიც კონკურსის შედეგების მიხედვით შეირჩევიან, 3-დან 6 თვემდე ვადით სტაჟირებას გაივლიან ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალ 5 ცენტრალურ არქივში (უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი, ქუთაისის ცენტრალური არქივი, თბილისის ცენტრალური არქივი).
სტაჟიორებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს.
პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ეროვნული არქივის საიტზე: www.archives.gov.ge, ვაკანსიების გვერდზე ან ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში, ტელ.: 38-28-46.