ეროვნულმა არქივმა მარო თარხნიშვილის მოგონებები გამოსცა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულმა არქივმა მარო თარხნიშვილის მოგონებები გამოსცა

საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოსცა მარო თარხნიშვილის მემუარები, რომელიც გამოცემათა ციკლის - „მოგონებები, დღიურები, ჩანაწერები“ - მეორე ტომია.

პირველი ქართველი ლოტბარი ქალის მოგონებებში ასახული ამბები 1909-1968 წლებს მოიცავს. შესაბამისად, მასში ავტორი სამი განსხვავებული ეპოქის - მეფის რუსეთის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა საქართველოს - ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

„სამწუხაროთ, 50 წლისა რომ გავხდი, მერე შეუდექი მოგონებების წერვას: ისიც ელისაბედ ჩერქეზიშვილმა დამარიგა... შენ კარგი ხმა გაქსო, დიდხანს იმღერებო და რაც კარგი რამ გადაგხდეს მუშაობის ირგვლივ, დაწერე და შეინახეო“, - წერს მარო თარხნიშვილი არქივში შემონახულ მემუარებში.

ავტორი იხსენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებულ კონცერტებს, ფესტივალებს, საზეიმო ღონისძიებებს. მის მემუარებში შეხვდებით მელიტონ ბალანჩივაძეს, ზაქარია ფალიაშვილს, კოტე ფოცხვერაშვილს, ვერიკო ანჯაფარიძეს, შალვა დადიანს, ნატო ვაჩნაძეს, ელისაბედ ჩერქეზიშვილს და სხვა ცნობილ ადამიანებს.

საბჭოთა პერიოდის მოგონებებს მარო თარხნიშვილი განსაკუთრებული სიფრთხილით წერს. მხოლოდ შიგადაშიგ შეიძლება წააწყდეს მკითხველი ასეთ ფრაზებს: „არც აქ გამიღიმა საბოლოვოთ ბედმა, რადგან მეუღლე - დიმიტრი თარხან-მოურავი გარდაიცვალა 24 წელში და ჩემმა წინსვლამ ისევ უკან დაიწია“. როგორც ცნობილია, დიმიტრი თარხან-მოურავი საბჭოთა ხელისუფლებამ 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტა.

მარო თარხნიშვილის მემუარები დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაში. მოგონებები გამოსაცემად მოამზადა ეროვნული არქივის თანამშრომელმა ნინო ბადაშვილმა.