ეროვნულმა არქივმა საქართველოს მიერ UNESCO-ს წესდების რატიფიკაციის დოკუმენტის ასლი მიიღო - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულმა არქივმა საქართველოს მიერ UNESCO-ს წესდების რატიფიკაციის დოკუმენტის ასლი მიიღო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისგან (UNESCO) 1992 წლის 14 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძის მიერ თბილისში ხელმოწერილი დოკუმენტის – საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის, მხრიდან UNESCO-ს წესდების რატიფიკაციის – ციფრული ასლი მიიღო. 2021 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია დაარსებიდან 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ორგანიზაციამ თითოეულ წევრ ქვეყანას გაუგზავნა UNESCO-ს წესდების რატიფიკაციის დოკუმენტი. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის წესდება ლონდონში 1945 წლის 16 ნოემბერს მიიღეს. დოკუმენტი პარიზში ძალაში 1946 წლის 4 ნოემბერს შევიდა. საქართველო UNESCO-ს წევრი 1992 წლის 7 ოქტომბრიდან გახდა. საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისე საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან. 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ეროვნულ არქივში დაცული არაერთი ქართული დოკუმენტი შეიტანეს.