ეროვნულმა არქივმა ქართულ ლიტურგიკულ კრებულებზე კვლევა საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულმა არქივმა ქართულ ლიტურგიკულ კრებულებზე კვლევა საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების წარმომადგენლებმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ეპარქიები, ეკლესიები და ისტორიული წყაროები ადრეულ თანამედროვე პერიოდსა და დღევანდელობას შორის“ XVI-XVII საუკუნეების ქართული ლიტურგიკული კრებულის შესახებ მოხსენება წარადგინეს.

ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა და ამავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნინო ბადაშვილმა უცხოელ კოლეგებს გააცნეს კვლევა, რომელიც საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ლიტურგიკული კრებულების, გულანების, შესწავლას ეფუძნება და განსაზღვრავს მათ ადგილს ზოგადად ლიტურგიკულ კრებულებს შორის. მოხსენებაში გაანალიზებული იყო გულანებში შეტანილი ნათარგმნი თუ ორიგინალური ტექსტები, ასევე კრებულების ანდერძ-მინაწერები, რომლებშიც შემონახულია ინფორმაცია სხვადასხვა ისტორიული ფაქტის შესახებ.

ჩეხეთში, ქალაქ ჰრადეც-კრალოვეში, 5-7 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენცია ჰრადეც-კრალოვეს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მასში 20-მდე ევროპული ქვეყნის მეცნიერები და მკვლევარები მონაწილეობდნენ.