ეროვნული არქივის ხელნაწერების ახალი აღწერილობა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის ხელნაწერების ახალი აღწერილობა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კიდევ 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოსაცემად მზადდება. ახალი აღწერები „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის“ მეორე ტომში გაერთიანდება.

ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2016 წელს, კვლავ გამოიცა ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პირველი ტომი, რომელშიც შეტანილია ინფორმაცია 100 ხელნაწერის შესახებ.

ხელნაწერთა მეორე ასეულის შესწავლისას პროექტზე მომუშავე ჯგუფმა აღწერებს არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაურთო. მაგალითად, ძველისაგან განსხვავებით ახალ აღწერაში აღნიშნულია, რომ #108 ხელნაწერს მეფე ვახტანგ მეექვსის ჩასწორებები ახლავს, ხოლო ამავე ხელნაწერის გაგრძელება - #109 ხელნაწერი - თავად მეფის გადაწერილია. ხელნაწერები ასტროლოგიური შინაარსის ნაშრომის, „თალა მასალის“, თარგმანია.

ხელნაწერების ხელახალი აღწერის ფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შედგა. ახალმა ფორმამ პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, დეტალური ინფორმაცია მაქსიმალურად მოეწოდებინათ ხელნაწერის აღწერაში. ამ დროისათვის უკვე დასრულებულ ხელნაწერთა აღწერებში დაზუსტდა მნიშვნელოვანიდეტალები, გასწორდა ხარვეზები დათარიღებებსა და სათაურებში, დადგინდა ცალკეული ტექსტების რედაქციები, სრულად წარმოადგინეს ანდერძ-მინაწერები. თითოეულ ხელნაწერსა და მასში შემავალ ცალკეულ ტექსტს დაერთო საკუთარი ბიბლიოგრაფია. მიმდინარეობს მუშაობა საძიებლებსა და ლექსიკონზე.

მეორე ტომში შესული ხელნაწერები ქრონოლოგიურად IX-XX საუკუნეებს შორის მერყეობს. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში); ვახუშტის „ატლასი“, ასევე „ისტორია და გეოგრაფია“ (1745 წელი. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში); თეიმურაზ Ι-ის ლექსები და სხვა.