ეროვნული არქივის სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს სამი მონაწილე ჰყავს - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს სამი მონაწილე ჰყავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტში მონაწილეობისათვის სამი სტუდენტი შეირჩა: თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე და თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სეფიაშვილი.

2018 წლის 15 იანვრიდან ორი თვის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ექნებათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საკუთარი კვლევის მიმართულებით საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე იმუშაონ.

2018 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი სრულდება. სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელსაც ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეროვნული არქივი მომავალ წელს გეგმავს.

პროექტის მიზანია იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ გაიხადონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფასი და საჭირო მასალა - საარქივო პირველწყარო - გამოიყენონ საკუთარ ნაშრომებში.

მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტების ნაშრომები ელექტრონული ან ბეჭდური სახით გამოაქვეყნდება.