ეროვნული არქივის ლაბორატორიაში სპარსული დოკუმენტების რესტავრაცია დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში სპარსულ დოკუმენტებზე მუშაობა დაიწყო.
ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია 1237 დოკუმენტისგან შედგება, რომლებიც XVI-XIX საუკუნეებით თარიღდება. დოკუმენტები წარმოადგენს შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს, წერილებს, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილებს, არზებს შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.
ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში უკვე ჩატარდა დაზიანებული საბუთების შესწავლა, მათი მასალისა და დაზიანების ხარისხის დადგენა. ამჟამად იწყება სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც დოკუმენტების განმტვერიანებას, დეზინფექციას, მშრალი და სველი წესით გაწმენდა-დამუშავებას, რესტავრაცია-კონსერვაციას ითვალისწინებს.
სპარსული დოკუმენტების უმრავლესობა დედანია. მათში ასახულია საქართველოსა და მთელი კავკასიის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება.
აღსანიშნავია 1525-1748 წლებში შექმნილი შაჰ აბას I-სა და შაჰ აბას II-ს ფირმანები, რომლებიც საქართველოსა და დაღესტანში მმართველების დანიშვნას, სხვადასხვა პირისათვის მამულის ბოძებას, ჯამაგირისა და გადასახადების მოწესრიგებას, სარწყავი არხის გაყვანას ეხება.
სპარსული საბუთების მასალად გამოყენებულია აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდი, აგრეთვე ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.
ეროვნული არქივი მიმდინარე წლის 24 აპრილს სპარსული დოკუმენტების გამოფენის გახსნას გეგმავს, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის დელეგაცია დაესწრება. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ირანელ და ქართველ არქივისტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.