16 ოქტომბერს აშშ-ში, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa), ქართული ფილმების რეტროსპექტივის - „აღმოაჩინე ქართული კინო“- ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ, კულტურფილმის ჟანრის ოთხ დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.
მაყურებლის წინაშე ფილმებს: „მიწის ძახილი“ (1928, რეჟისორი სიკო დოლიძე), „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“ (1930, რეჟისორი კოტე მიქაბერიძე), „დილის ათი წუთი“ (1931, რეჟისორი ალექსანდრე ჯალიაშვილი) და „კოლმეურნის ჰიგიენა“ (1934, რეჟისორი ვახტანგ შველიძე) ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე, კინომცოდნე ნინო ძანძავა წარადგენს.
ამავე ფილმებს ბერკლიში Pacific Film Archive 19 ოქტომბერს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ რეტროსპექტივის ფარგლებში Pacific Film Archive ატარებს ქართული კინოს ხუთკვირიან კურსს, რომლის მიმდინარეობისას ჩატარდება ლექციები და ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები. 20 ოქტომბერს ნინო ძანძავა ისაუბრებს თემაზე: „არქივისტების საქმიანობის გამოწვევები საქართველოში“ და მაყურებელს წარუდგენს მხატვრულ ფილმს „ნატვრის ხე“.
რეტროსპექტივა „აღმოაჩინე ქართული კინო“ მომზადდა კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის ხელოვნების მუზეუმის, Pacific Film Archive-სა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობით. ქართული მხრიდან ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დაკავშირებული ბმულები:
http://www.moma.org/visit/calendar/films/1510;
http://press.moma.org/wp-content/files_mf/discoveringgeorgiancinema_bampfabrochure.pdf
http://www.bampfa.berkeley.edu/filmseries/olli_georgian