ეროვნული არქივის ფილმები თბილისის კინოფესტივალზე - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის ფილმები თბილისის კინოფესტივალზე

თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, სექციაში „აპოლო: კინოს მეხსიერება“ 4 და 5 დეკემბერს მაყურებელი ნახავს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტურ ფილმებს.

4 დეკემბერს, 16:00 საათზე, „ამირანის“ მე-3 დარბაზში აჩვენებენ ფილმებს ეკოლოგიის თემაზე: „ზაფხული თბილისში“, რეჟისორი ალექსანდრე მამულაშვილი (1951 წელი); "გასროლა რიკოშეტით", რეჟისორი გურამ ჟვანია (1979); „პალიასტომი შველას ითხოვს“, რეჟისორი მურმან ასიტაშვილი (1984), კინოჟურნალი „ადამიანი და კანონი“, ავტორთა ჯგუფი (1983, 1990, 1991). ფილმების საერთო ქრონომეტრაჟია 63 წუთი.

5 დეკემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-2 დარბაზში წარმოდგენილი იქნება ფილმები თბილისის შესახებ: „თბილისი“, რეჟისორი ირაკლი კანდელაკი (1939), „თბილისი“, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე (1958), „10 წუთით საბჭოთა კავშირში - თბილისი“, რეჟისორი ირაკლი ასათიანი (1969). ფილმების საერთო ქრონომეტრაჟია 65 წუთი.

სექცია „აპოლო: კინოს მეხსიერება“ თბილისის კინოფესტივალს წლეულს დაემატა. სექციის მიზანი ქართული და უცხოური კინოს მეხსიერებიდან იმ სურათების გაცოცხლებაა, რომლებიც ჩვენი მაყურებლისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.