ეროვნული არქივის ელექტრონულ პროგრამაში ყველა ადგილობრივი არქივი ჩაერთვება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი ქუთაისის ცენტრალურ არქივში დასავლეთ საქართველოში მდებარე ადგილობრივი არქივების დირექტორებს შეხვდა და არქივის მომსახურების პროგრამის რეგიონებში ამოქმედების გეგმა გააცნო.
ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა, ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.
ეროვნული არქივის ხელმძღვანელის განცხადებით, მომსახურების დახვეწა და გაუმჯობესება უწყების მუშაობის პრიორიტეტია. ამჟამად მიმდინარეობს ადგილობრივი არქივების კომპიუტერიზაცია და ერთიან ქსელში ჩართვა. ეს პროცესი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ამ ეტაპზე, თბილისში მდებარე არქივების გარდა, პროგრამა მუშაობს ქუთაისის ცენტრალურ და სამტრედიის ადგილობრივ არქივებში. პროგრამაში ჩართულ რაიონებში მდებარე არქივებიდან საჭირო ცნობის მიღება მოქალაქესა თუ ორგანიზაციას დისტანციურად შეუძლია.