ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა „ამირანში“ - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა „ამირანში“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის საიუბილეოდ 17-19 მაისს კინოთეატრ „ამირანში“ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.

სამ სეანსზე წარმოდგენილი იქნება 10 მოკლე და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. რეტროსპექტივისათვის შერჩეულია მრავალფეროვანი თემატიკის ფილმები, რომლებიც გადაღებულია მე-20 საუკუნის 30-იან-70-იან წლებში და ეროვნულ კინომემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ფილმების უდიდესი ნაწილი, ათწლეულების შემდეგ, დიდ ეკრანებზე პირველად იქნება ნაჩვენები.

რეტროსპექტივა გაიხსნება 17 მაისს, 19:00 საათზე დოკუმენტური ფილმით „მსოფლიო ტაშს უკრავს“, რომელშიც ასახულია ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მსოფლიო ტურნე 1959-1960 წლებში. ფილმი საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების კინოსტუდიის ნაწარმოებია.

18 მაისს, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება ფილმები: „ბედნიერი ბავშვობა“, (ვლადიმერ ვალიევისა და ნიკოლოზ ნაგორნის ფილმი „სტალინური მზით გამთბარი სამშობლოს ბედნიერ და მხიარულ ბავშვობაზე“, 1936 წელი); „ოქროს მტევნები“ (შალვა მარტაშვილის 1951 წლის ფილმი საქართველოში მევენახეობის განვითარებაზე); „კლდის ვეფხვი“ (ოთარ გურგენიძის 1968 წლის ფილმი-პორტრეტი მთავმსვლელ მიხეილ ხერგიანზე); „თუჯი“ (ოთარ იოსელიანის ფილმი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე“, 1964 წელი); „აფხაზეთი გვიწვევს“, (ირაკლი ასათიანის 1978 წლის სარეკლამო ხასიათის ფილმი აფხაზეთზე).

19 მაისს, 19:00 საათზე მაყურებელი ნახავს მოკლემეტრაჟიან ფილმებს: „საბჭოთა საქართველოს 15 წელი“ (მიხეილ კალატოზიშვილი, 1936 წელი), „საქართველოს სპორტსმენები“ (შოთა მანაგაძის ფილმი ქართულ სპორტზე, 1952 წელი), „ათასწლეულის ბილიკებზე“ (გიორგი ასათიანის 1969 წლის ფილმი ქართულ არქიტექტურულ ძეგლებზე), „თბილისი“ (თენგიზ ნოზაძის კინოჩანახატი თბილისზე, 1966 წელი). „ქართული საესტრადო სიმღერები“ (ირაკლი ასათიანის მუსიკალური ფილმი, რომელშიც შესულია ქართული საესტრადო სიმღერები გიული ჩოხელის, ანსამბლ „ივერიას“, ანსამბლ „ორერას“ და ნანი ბრეგვაძის შესრულებით, 1970 წელი).

რეტროსპექტივაზე დასწრება თავისუფალია.