ეროვნული არქივის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთისა და სლოვაკეთის არქივებს ეწვევა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია 22 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საარქივო ადმინისტრაციისა და ჩანაწერთა მართვის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგიტა ჭეჟია.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობას საარქივო დოკუმენტების მოძიებისა და დეტალური ინფორმაციის გაცვლის; საარქივო დოკუმენტების პუბლიკაციების, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის მიწოდების, ერთობლივი გამოფენების ორგანიზების კუთხით; ასევე, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების, პროფესიული შეხვდერების (კონფერენციები, სემინარები) დროს.
ეროვნული არქივის წარმომადგენლები ამავე ვიზიტის ფარგლებში ეწვევიან სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულ არქივს, სადაც შეხვდებიან ხელმძვანელ პირებს, დაათვალიერებენ ცენტრალურ და რეგიონალურ არქივებს და გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს საარქივო საქმიანობაში.
საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკებში 1 ივლისს დასრულდება.