ეროვნული არქივი ზღაპრების ახალ აუდიოჩანაწერებს ქმნის - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივი ზღაპრების ახალ აუდიოჩანაწერებს ქმნის

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტი „ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“ ახალი მიმართულებით გაგრძელდა. ათწლეულების წინათ ჩაწერილ ზღაპრებს თანამედროვე მსახიობების წაკითხული 30-ზე მეტი ჩანაწერი დაემატება.

2014 წელს ეროვნულმა არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული, სტუდია „მელოდიას“ მიერ 1960-80-იან წლებში ჩაწერილი 100-მდე ზღაპრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში თავისუფალი წვდომით გამოქვეყნა. პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა, ამიტომ მისი გაგრძელება და ახალი ჩანაწერების შექმნა გადაწყდა.

არქივის მოწვევით ბავშვებისათვის ზღაპრებს კითხულობენ ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები - რუსუდან ბოლქვაძე, გია აბესალაშვილი, ქეთევან ჩხეიძე და რამაზ იოსელიანი. მათი ჩაწერა ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში მიმდინარეობს.

ახალჩაწერილი ზღაპრები ეროვნული არქივის საიტზე - www.archives.gov.ge და სოციალურ ქსელებში ეროვნული არქივის ოფიციალურ არხებზე განთავსდება. ზღაპრები CD ფორმატშიც გამოიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის მაღაზიაში.

ზღაპრებთან ერთად იგეგმება ქართული დიაფილმის ტექსტის ჩაწერაც. არქივში 150-ზე მეტი დიაფილმი ინახება და ამჟამად მათი ციფრული ვერსიები მზადდება. ტექსტების აუდიოვერსია ნახატებს შეერწყმება, რაც ახალ სიცოცხლეს შესძენს 1970-80-იან წლებში პოპულარულ მულტიპლიკაციური ფილმების ერთგვარ ნაირსახეობას.