საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად 28 დეკემბერს, 14:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის არის: ფოტოგამოფენა „საქართველოს ქალაქები“; 2011 წლის კალენდრისა და ჟურნალ „საისტორიო მოამბის“ პრეზენტაცია; ეროვნული არქივის თანამშრომელთათვის საპატიო სიგელებისა და ქვაშვეთის ტაძრის სიგელების გადაცემა. საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. ამ მოვლენიდან წლეულს 90 წელი შესრულდა.ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ფოტო, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის 40-იან წლებამდეა გადაღებული. 2011 წლის კალენდარი სწორედ ამ თემაზე აიგო.პერიოდული გამოცემა „საისტორიო მოამბეს“ ახალ ნომერში შესულია სამეცნიერო სტატიები, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალებს შეეხება. სტატიების ავტორები არიან როგორც ეროვნული არქივის თანამშრომლები, ისე სხვა მეცნიერები. სტატიები შეეხება: მეფე ერეკლე მეორეს საბუთებს; ქართველოლოგ აკაკი შანიძეს; ხელოვნების ისტორიკოს გიორგი ჩუბინაშვილს; ანტისაბჭოთა აჯანყებას სვანეთში; ბოდბის ეკლესიას რუსეთის საეკლესიო რეფორმამდე და შემდგომ; ჭოროხის ხეობის სიძველეებს და ა.შ.ფოტოგამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია.