ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის 2023 წლის გამარჯვებული თბილისის N178 სკოლაა - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის 2023 წლის გამარჯვებული თბილისის N178 სკოლაა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული თბილისის N178 საჯარო სკოლა გახდა. მეორე საპრიზო ადგილი ქარელის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა, მესამე ადგილზე კი თბილისის N175 საჯარო სკოლა გავიდა.

პროექტის ფინალურ თამაშში 32 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. პროექტის გამარჯვებულები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა, ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალმა, ტიერი ბერიშვილმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა გიორგი ფარეშიშვილმა დააჯილდოვეს.

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.