ეროვნულ არქივში სტაჟირების პროგრამა დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სტაჟირების პროგრამა დაიწყო. ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული 32 წარმატებული კანდიდატი სტაჟირების 6-თვიან კურსს ეროვნული არქივის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გაივლის, მათგან თბილისში არსებულ არქივებში - 25 სტაჟიორი, ხოლო ქუთაისის ცენტრალურ არქივში - 7.
სტაჟიორებს საშუალება ექნებათ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, ამასთან გაეცნონ საარქივო საქმიანობის პრაქტიკული მხარეს. პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებულ სტაჟიორებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ეროვნული არქივის სტაჟირების კონკურსში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის უმაღლესი განათლების მქონე პირები და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. სტაჟირების მსურველებს კონკურსის პირველ ეტაპზე ჩაუტარდათ ტესტირება უნარ-ჩვევებში, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება, შემოწმება ქართულ ენასა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებში.