ეროვნულ არქივში საქართველო-რუსეთის ომის ამსახველი საარქივო ფონდი იქმნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2008 წლის აგვისტოში ჩვენს ქვეყანაზე განხორციელებული რუსული აგრესიის ამსახველი ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალების საარქივო ფონდი იქმნება.
ეროვნული არქივი ამ პროცესში მონაწილეობას საქართველოში მოქმედ ტელეკომპანიებს, სხვა საინფორმაციო საშუალებებსა და კერძო პირებს სთავაზობს.
"საარქივო ფონდის შექმნის მიზანია 2008 წლის აგვისტო საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებული მასალების შეგროვება და დაცვა, რათა მომავალ თაობებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს გასულ წელს საქართველოზე განხორციელებულ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით", - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა თეონა იაშვილმა.
ეროვნული არქივი აღწერს შეგროვებულ მასალას და შექმნის ფონდის კატალოგს. საარქივო ფონდში დაცული მასალა შეინარჩუნებს იმ ორგანიზაციების საავტორო უფლებებს, რომელიც არქივის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას და მათი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირებს არ გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივში ამჟამად 328 133 შესანახი ერთეულია დაცული, აქედან: 34 228 კინო, 274 625 ფოტო და 19 280 ფონო დოკუმენტი.