ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის რესტავრაცია მიმდინარეობს. კინოფოტოფონო დოკუმენტების არქივს ნიკოლოზ საღარაძემ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათების 15 ალბომი 1959-1960 წლებში გადასცა. ფოტოები აერთიანებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს. აქ, ძირითადად, წარმოდგენილია ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, რომელიც გადაღებულია ქუთაისში, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნიკოლოზ საღარაძე სწორედ ამ ფოტოატელიეში მოღვაწეობდა. იგი ალექსადრე მიხაილოვის მოწაფე და ნათესავი იყო. ფოტოალბომებში წარმოდგენილი ფოტოები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. იგი, პირველ რიგში, ასახავს მე-19 - მე-20 საუკუნების მიჯნაზე დასავლეთ საქართველოში არსებულ ეთნოგრაფიულ სურათს. ფოტოებზე ასახულ ადამიანთა უმეტესობის ვინაობა უცნობია, თუმცა აქ წარმოდგენილ რამდენიმე ფოტოს საკუთარი, გამორჩეული ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ ფოტოალბომები მდიდარი მასალაა იმ მხატვარ-დეკორატორთათვის, რომლებიც ერთი საუკუნის წინანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფილმებისა თუ თეატრალური სპექტაკლებისათვის ესკიზებზე მუშაობენ. მრავალსერიანი ქართული ფილმის „დათა თუთაშხიას“ გადაღებებისას მხატვარი კახა ხუციშვილი, სხვა ფოტო თუ კინომასალასთან ერთად, ყურადღებით გაეცნო ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომებს. უკვე რესტავრირებულ ერთ-ერთ ალბომში დამთვალიერებელი იხილავს ცნობილი ქართველი მეცნიერის აკაკი შანიძის ახალგაზრდობის ფოტოს. მეტად საინტერესო და გამორჩეული ისტორიისა ამჟამად სარესტავრაციოდ გამზადებული ფოტოალმობის ორი ფოტო. ერთ სურათზე ცნობილი ქართველი დრამატურგი და მსახიობი, ახალგაზრდა შალვა დადიანი გადაღებულია კუბოში მწოლიარე, ხოლო იქვე არის მეორე ფოტო, სადაც ამავე კუბოზე წამომჯდარი იღიმება. როგორც ამბობენ, ეს „სპექტაკლი“ შალვა დადიანს თეატრის ვალის ვერგადახდის გამო დაუდგამს. შალვა დადიანის „გარდაცვალების“ შემდეგ მევალეს თეატრისაგან მიღებული ვექსილი გაუუქმებია, თავად შალვა კი ამის შემდეგ ქუჩაში ჯანმრთელი და უვნებელი უნახავს. რესტავრაციის პროცესში ალბომის ფოტოები და ალბომის გვერდები შესაბამისი მეთოდით იწმინდება, ალბომი ხელახლა იკინძება, ისმება ახალ ყდაში და ეკვერება ფოტოების დამცავი ფენა.