საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში კიდევ ერთი ისტორიული დოკუმენტის რესტავრაცია დაიწყო. ამჯერად, ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 1675 წლის ყმა-მამულის შეწირულების სიგელზე მუშაობენ.
დოკუმენტის შინაარსის მიხედვით, ბოქაულთუხუცესი გორჯასპი, რომელსაც არც შვილი ჰყავდა და არც ძმები, ეახლა ერეკლე I-ს და თხოვა, რომ თავისი ყმა-მამული შეეწირა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის. მეფემ შეიწყნარა მისი თხოვნა და ბოქაულთუხუცესი გორჯასპი ყმა-მამულიანად ეკლესიას მიაკუთვნა.
„ჩვენი ბოქაულთუხუცესი და ნათესავი ბატონი გორჯასპი, რომელსაც არც ძმა და სახლიკაცი ჰყვანდა და არც შვილი ეყოლა, მოგვადგა კარსა დარბაზისა ჩუენისასა თავისის თავითა და სულ თავისის მამულითა და ალაგითა. წმ. გიორგი ალავერდის საყოფელისა თქვენისა შემოწირვას დაგვეაჯა. ვისმინეთ აჯა გკადრეთ მცირე და კნინი ესე შემოსაწირავი.“
საბუთს ახლავს გვიანდელი დამტკიცებები: 1739 წელს შეწირულებას ამტკიცებს თეიმურაზ II და დედოფალი თამარი (ვახტანგ VI-ის ქალიშვილი) ბეჭდებით; 1774 წელს იგივე შეწირულებას ამტკიცებს ერეკლე II ბეჭდით და ვრცელი ტექსტით.
დოკუმენტი წარმოადგენს 225 სმ სიგრძის გრაგნილს, რომლის ტექსტი შესრულებულია გრაგნილის ორივე მხარეს.
რამდენიმე ათეული წლის წინ ხელნაწერს რესტავრაცია ჩატარებული აქვს, თუმცა, დარჩენილი დაზიანებების გამო, საჭიროებს განმეორებით სარესტავრაციო სამუშაოებს, ახალი მასალის გამოყენებით.
ამ დოკუმენტის გარდა, ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში XVII-XVIII საუკუნის საბუთების აღდგენაც მიმდინარეობს. ეს დოკუმენტები წარმოადგენენ არზა-ოქმებს, რომლებიც გაცემულია არჩილ მეფის, გიორგი XII-ის, ერეკლე II-ის მიერ.