22 თებერვალს 13:00 საათზე გამოჩენილი უკრაინელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ლარისა კოსაჩის, რომლის ფსევდონიმია ლესია უკრაინკა, დაბადებიდან 140 წლის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ლესია უკრაინკა და საქართველო“ გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან უკრაინის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული არქივი.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლესია უკრაინკას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, წერილობითი დოკუმენტები, რომელიც დაცულია უკრაინის საელჩოში და საქართველოს ეროვნულ საარქივო ფონდში.გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინული შემოქმედებითი გუნდები: ლესია უკრაინკას სახელობის ქვემო ქართლის უკრაინელების ასოციაციის ანსამბლი „ჩორნობროვცი“, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის ახალგაზრდული გუნდი „იუნოსტი“ და საქართველოში უკრაინელების ასოციაციის „რუშნიკი“ კვარტეტი „სმერეკა“.ლესია უკრაინკას ცხოვრება და შემოქმედებითი გზა უწყვეტად უკავშირდება საქართველოს. აქ პოეტი, პერიოდულად, 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა. ბათუმში, თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში ცხოვრებისას მან საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები შექმნა - „ტყის ზღაპარი“, „ქვის ბატონი“, „რუფინი და პრისცილა“.ლესია უკრაინკა საქართველოდან თავის ოჯახის წევრებს წერდა: „ასეთი საინტერესო, განსაცვიფრებელი მხარე - საქართველო! შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის. როცა ალაზნის ხეობას ვუყურებ, დნეპრის სანაპირო მახსენდება...“პოეტის ცხოვრებაც საქართველოში დასრულდა - ის დაბა სურამში 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.ლესია უკრაინკა საქართველოსა და უკრაინის ისტორიული ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა და მუდმივად იქნება ორი ერის მეგობრული კავშირის საფუძველი.გამოფენა პირველია იმ მრავალ ღონისძიებათა შორის, რომელიც უკრაინელი პოეტის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში 2011 წელს გაიმართება.ეროვნული არქივი, უკრაინის საელჩოსთან ერთად, გეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ფილმზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.